|
შეხვედრის მსვლელობისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავშესაფრის სფეროში მიმდინარე პროექტებზე და მიმოიხილეს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის კუთხით პროგრამების მიმდინარეობა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა ახლახან დამტკიცებული - „დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო პროგრამის“ ძირითადი მიმართულებები და ამ პროგრამის ფარგლებში 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები. ამავე უწყების მიერ მიმოხილული იქნა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მე-3 ტალღის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და დამსწრე ორგანიზაციებს შეეთავაზათ ამ კუთხით კოორდინირებული საქმიანობის წარმართვა. საუბარი ასევე შეეხო ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ მართული MPF II პროგრამას, რომელიც „პარტნიორობა მობილობისათვის“ ინიციატივის შესრულების ძირითად ხელშემწყობ ინსტრუმენტად ითვლება და ითვალისწინებს ეროვნულ დონეზე სხვადასხვა მასშტაბის პროექტების დაფინანსებას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინსტიტუტებთან თანამშრომლობით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) წარმომადგენლებმა ისაუბრეს ინფორმირებულ მიგრაციაზე და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე, რომლებიც ხორციელდება მათი პროექტების ფარგლებში. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და „საქართველოს კარიტასის“ მიგრაციის პროგრამების ხელმძღვანელებმა აუდიტორიას წარუდგინეს ის ახალი ინიციატივები, რომლებიც დაკავშირებულია მიგრანტთა დაბრუნების ხელშეწყობასა და დაბრუნების შემდგომ მდგრად რეინტეგრაციასთან.
|